რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში „მნიშვნელოვანი დანაკარგები“ განიცადა.
„ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", -განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები დატოვეს არა იმიტომ, რომ დანაკარგები აქვთ, არამედ იმისთვის, რომ კომფორტული ვითარება შეექმნათ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებეითვის.
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ორჯერ გასაჯაროვა მონაცემები სამხედრო დანაკარგების შესახებ. უახლესი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს გაავრცელა. მაშინ გამოცხადდა, რომ ერთ თვეში 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა და 3825 დაშავდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგი 18 700 ადამიანია და არ აკონკრეტებს, მხოლოდ დაღუპულები არიან თუ დაჭრილები.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ